საინტერესო ამბები
08.10.2026 11:51
შეიყვარე შენი თვალები - 8 ოქტომბერი მხედველობის მსოფლიო დღეა
8 ოქტომბერს მხედველობის მსოფლიო დღე აღინიშნება.

მხედველობის მსოფლიო დღის საერთაშორისო კამპანია თავდაპირველად 2000 წელს დაიწყო და ყოველწლიურად ოქტომბრის მეორე ხუთშაბათს ტარდება. წელს დღის მთავარი გზავნილი და კამპანიაა - „შეიყვარე შენი თვალები“, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს თითოეული ადამიანის ისტორიაზე, თემისა და საზოგადოების ჩართულობაზე.

კამპანიის ძირითადი მიზნები და აქცენტებია:

ხელმისაწვდომი თვალის მოვლა: მოუწოდებს მთავრობებსა და ორგანიზაციებს, გახადონ თვალის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი, იაფი ყველასთვის და ყველგან.

პრევენცია და შემოწმება: შეახსენებს მოსახლეობას, რომ მხედველობის დაკარგვის შემთხვევათა თითქმის 90% პრევენციებადია ან განკურნებადია დროული დიაგნოსტიკის პირობებში.

გლობალური გამოწვევა: წელს კამპანია მიზნად ისახავს 5 მილიონამდე ადამიანის მხარდაჭერისა და ჩართულობის მოპოვებას ნოემბერში დაგეგმილ თვალის ჯანმრთელობის გლობალურ სამიტამდე.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, მხედველობის ესა თუ ის პრობლემა მსოფლიოში მილიარდ ადამიანს აღენიშნება. მხედველობის დაქვეითება, შესაძლოა, სხვადასხვა ფაქტორით იყოს განპირობებული, კერძოდ, ისეთი დაავადებებით, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ტრაქომა, თვალის ტრავმა ან კატარაქტა, ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია ან გლაუკომა. მხედველობის დაქვეითება, ასევე გავლენას ახდენს ცხოვრების მრავალ ასპექტზე - ყოველდღიურ პირად საქმიანობაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობასა და ამა თუ იმ სერვისებზე წვდომის შესაძლებლობაზე.

თვალის გლობალური ჯანმრთელობის მიმართულებით მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის უკანასკნელი რეზოლუცია, რომელიც ოფთალმოლოგიური სერვისების უნივერსალური ჯანმრთელობის პაკეტში შეყვანას და „ინტეგრირებული ადამიანზე ორიენტირებული თვალის მოვლის“ უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
კვირის ამბები