15.09.2026 17:23
სიმონ გულედანმა ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თორნიკე ფხაკაძემ და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა გიორგი ბერძნიშვილმა ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
სიმონ გულედანმა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს წარმატებული და საინტერესო სასწავლო წელი უსურვა.
„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ თითოეულ მოსწავლეს და პედაგოგს. გისურვებთ წარმატებულ, საინტერესო და ნაყოფიერ სასწავლო წელს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რეგიონის თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს თანამედროვე განათლება და სამომავლოდ, წარმატებით გამოიყენოს მიღებული ცოდნა. ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას მომავალშიც გავაგრძელებთ. მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს როგორც საოკუპაციო ხაზთან მდებარე, ისე ჩვენი რეგიონის სხვა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობას და განვითარებას“, - აღნიშნა სიმონ გულედანმა.
ბერშუეთის სკოლაში, სადაც ამჟამად 162 მოსწავლე სწავლობს, გასულ წელს მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, სპორტული ინფრასტრუქტურა, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი.

