ნაყოფიერ, საინტერესო და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ - პრემიერის მილოცვა საზოგადოებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყველა მოსწავლეს და სტუდენტს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ცოდნა, განათლება და შრომისმოყვარეობა განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს და საიმედო მომავალს.
„ყველა მოსწავლეს და სტუდენტს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მშობლებს, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
განსაკუთრებით გილოცავთ პირველკლასელებსა და პირველკურსელებს, ვისთვისაც დღეს ცოდნის შეძენის, პიროვნული ზრდისა და ახალი შესაძლებლობების უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება.
სწორედ თქვენი ცოდნა, განათლება და შრომისმოყვარეობა განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს და საიმედო მომავალს. მჯერა, არაერთ წარმატებას მიაღწევთ.
მომავალი თაობების აღზრდის საქმეში ფასდაუდებელია ჩვენი პედაგოგების როლი. მადლობას ვუხდი თითოეულ მასწავლებელსა და ლექტორს ამ საპატიო მისიის ერთგულად შესრულებისთვის.
ნაყოფიერ, საინტერესო და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.