საზოგადოება
11.09.2026 13:25
„ცნობარი აბიტურიენტებისთვის“ - ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველებისთვის განახლებული ელექტრონული ბუკლეტი გამოქვეყნდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველებისთვის, განახლებული ელექტრონული ბუკლეტი - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“ გამოაქვეყნა.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნეს, ბუკლეტში მოცემულია დეტალური ინფორმაცია უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ და, შესაბამისად, განახლებული ელექტრონული ბუკლეტი აბიტურიენტებს ე.წ. მეორადი ჩარიცხვისთვის პროგრამების არჩევის პროცესში დაეხმარება.

„პროგრამების ასარჩევად, 14 სექტემბრიდან 18 სექტემბერის ჩათვლით, აბიტურიენტი უნდა ეწვიოს სარეგისტრაციო პორტალს www.online. naec.ge, აირჩიოს ბანერი - „ერთიანი ეროვნული გამოცდები - მეორადი ჩარიცხვა“, გაიაროს ავტორიზაცია პირადი ნომრითა და უკვე არსებული პაროლით, შემდეგ კი აირჩიოს სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები.

პროგრამების არჩევისას მნიშვნელოვანია აბიტურიენტებმა გაითვალისწინონ:
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული საგნისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
პროგრამის სწავლის საფასური;
ქალაქი, სადაც ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა.

აბიტურიენტებმა სასურველი რაოდენობის საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები უნდა აირჩიონ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

შეგახსენებთ, ე.წ. მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
კვირის ამბები