„მაჩაბელი - 2025“ იწყება. ლიტერატურული კონკურსისთვის საკონკურსო მასალების მიღების ვადა 2025 წლის 20 მაისამდე გახანგრძლივდა.
როგორც ცნობილია, კონკურსი ფართომასშტაბიანია და მონაწილეობა ქვეყნის ყველა კუთხის წარმომადგენელს შეუძლია. წესდების მიხედვით, საკონკურსოდ დაიშვება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ გამომცემლობათა და ლიტერატურული პერიოდიკის მიერ 2024-2025 (15 აპრილის ჩათვლით) წლებში ნაბეჭდი სახით გამოქვეყნებული ლიტერატურული ნაწარმოები.
ლიტერატურული კონკურსი 2020 წელს დაარსდა და მისი დამფუძნებელი საქართველოს პარლამენტის წევრი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილია. კონკურსის კოორდინატორია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი.
პრემია „მაჩაბელი“ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო პოეტური კრებული/ლექსების ციკლი; საუკეთესო პროზაული ნაწარმოები; საუკეთესო პიესა; საუკეთესო კრიტიკულ/ესეისტური/პუბლიცისტური წერილი/კრებული; საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი.
კონკურსზე განიხილება ბეჭდური სახით გამოცემული და ელექტრონულ ჟურნალში გამოქვეყნებული მასალები; კონკურსი გრძელდება 3 თვის განმავლობაში. გამარჯვებული ავტორების ვინაობა დაჯილდოების ცერემონიალზე, 2025 წლის 17 ივლისს გამოვლინდება.
კონკურსის ორგანიზატორთა ინფორმაციით, საკონკურსო ნომინაციაში გამარჯვებულ თითოეულ ავტორს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემა პრემია 3000 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება „მაჩაბელი - 2025“-ის სპონსორებს, გენერალურის სპონსორია ლიბერთი ბანკი, სპონსორები: გორის მუნიციპალიტეტის მერია, კომპანია „აგრო-ქართლი“, კლინიკა „ნოვაციო“, სარესტორნე ქსელი ,,ჟოზეფი“ და „შატო უფლისციხე“.
ლიტერატურული კონკურსის ოფიციალური პარტნიორია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტთან არსებული გიორგი მახარობლიძის სახელობის ლიტერატურული კაფე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრი.