საზოგადოება
25.01.2023 12:48
ტირძნისის სკოლის დირექტორს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
ტირძნისის საჯარო სკოლის დირექტორს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, დარეჯან ნასყიდაშვილს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, გორის მუნიციპალიტეტში ბევრი ღირსეული პედაგოგია და ერთის გამორჩევა ძალიან რთულია, თუმცა, გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით, დარეჯან ნასყიდაშვილის კანდიდატურა შეირჩა.

„დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება წელიწადში ერთხელ ხდება და მუნიციპალიტეტიდან ერთი მასწავლებელის წარდგენის უფლება გვაქვს. რაც შეეხება კრიტერიუმებს, შერჩეულ პედაგოგს 30 წელი უნდა ჰქონდეს ნამუშევარი, ასევე, უნდა იყოს ავტორიტეტი სასკოლო საზოგადოებაში, თემში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბაზიდან ვიღებთ გამოცდილი პედაგოგების მონაცემებს და ასე შევარჩიეთ დარეჯან ნასყიდაშვილის კანდიდატურა, რომელმაც გასულ წელს არაერთი დასამახსოვრებელი აქტივობა განახორციელა. მონაცემებზე დაყრდნობით, დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭების გადაწყვეტილებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იღებს“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ საუბარში ნანა ტერმაკოზაშვილმა.
კვირის ამბები