გორში, სადგურის დასახლებაში, მარაბდელის ქუჩის მიმდებარედ, საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია სს ,,სამშენებლო ტრესტი N3" ასრულებს და ხელშეკრულების თანახმად, ობიექტს, მერიას 7 თვეში ჩააბარებს.
სატენდერო პირობების მიხედვით, შენობა ორ სართულიანი იქნება და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების კრიტერიუმებს. სკოლამდელი დაწესებულება 90 აღსაზრდელზეა გათვლილი, შენობის ფართობი კი, 488 კვადრატული მეტრი იქნება. 1 018 493 ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება საბავშვო ბაღის ეზოს შემოღობვა და კეთილმოწყობა.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.