საზოგადოება
29.09.2026 14:02
ავტონაწილებით მოვაჭრეებისთვის რეგიონებში ახალი წესები და ჯარიმები ამოქმედდება
2026 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, ასევე აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსებისა და რეალიზაციის ახალი წესები, თბილისის გარდა, სხვა მუნიციპალიტეტებშიც ამოქმედდება.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე პარლამენტის მიერ დაამტკიცებული, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად და ახალი რეგულაციით, აღნიშნული მასალების განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრული არ არის, ფიზიკური პირის 2 500, ხოლო იურიდიული პირის 5 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 5 000 ლარამდე, იურიდიული პირისთვის კი 15 000 ლარამდე გაიზრდება.

ასევე, იმ ტერიტორიებზე, რომლებიც საქმიანობისთვის დაშვებულია, თუმცა დადგენილი წესები ირღვევა, ფიზიკური პირი 1 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 2 500 ლარით დაჯარიმდება. განმეორებით დარღვევაზე სანქციები, შესაბამისად, 2 500 და 5 000 ლარი იქნება.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში ანალოგიური რეგულაციები 1-ლი იანვრიდან მოქმედებს. წესები კრძალავს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებას საცხოვრებელ, რეკრეაციულ, სატყეო, სპეციალურ, სატრანსპორტო და სანიტარული დაცვის ზონებში. დაშვებულ, ძირითადად სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიან ზონებში კი საქმიანობისთვის კონკრეტული პირობებია განსაზღვრული, რომელთა დაცვაც ტერიტორიის მესაკუთრეებს და მეწარმე სუბიექტებს ევალებათ.
კვირის ამბები