„გულის ჯანმრთელობა იწყება ყოველდღიური არჩევანით“ - 29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა
1999 წლიდან, 29 სექტემბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში, გულის მსოფლიო დღე აღინიშნება. წელს, გულის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია - „გულის ჯანმრთელობა იწყება ყოველდღიური არჩევანით“.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია, ამიტომ გულის მსოფლიო დღის აღნიშვნის მთავარი მიზანი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, წარმოშობის მიზეზების და მათი პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
როგორ დავიცვათ გული - მედიკოსები გულის ჯანმრთელობისთვის გვირჩევენ გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:
იმოძრავეთ: დაკავდით ყოველდღიური ზომიერი ფიზიკური აქტივობით;
იკვებეთ ჯანსაღად: მიიღეთ ბევრი ხილი, ბოსტნეული და შეამცირეთ მავნე ცხიმების რაოდენობა, დალიე ბევრი წყალი;
თავი შეიკავეთ თამბაქოსგან: მოწევა გულის დაავადებების მთავარი რისკია;
აკონტროლეთ წნევა: რეგულარულად შეამოწმეთ არტერიული წნევა და ქოლესტერინის დონე;
შეინარჩუნეთ წონა ნორმის ფარგლებში: ჯანმრთელი წონის შენარჩუნება და მარილის მოხმარების შეზღუდვა დაგეხმარებათ სისხლის წნევის კონტროლში და გულის დაავადებების და ინსულტის რისკის შემცირებაში.
ფრთხილად მიიღეთ წამლები: მიიღეთ ის წამლები, რომლებიც ექიმმა გამოგიწერათ.
რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ გადადგმულ ნაბიჯებს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფინანსდება როგორც ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია, ისე კარდიო-ქირურგიული ოპერაციები და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო ქრონიკული მედიკამენტები.
ცნობისთვის, თარიღის დაარსების ინიციატორი გულის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ანტონი ბაიეს დე ლუნა იყო. იდეას მხარი დაუჭირა ჯანდაცვის მსოფლიო ასოციაციამ (WHO) და იუნესკომ.