საზოგადოება
28.09.2026 14:32
გორში მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნა
მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით, გორში ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა და სააგენტოს თანამშრომლებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გორში ჩამოსულ ტურისტებს ქართული, ტრადიციული ტკბილეული და ღვინო დააგემოვნებინეს, საჩუქრად კი ქართული სუვენირები გადასცეს.

როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ღონისძიების მიზანს გორის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა, ადგილობრივი კულტურის და ტრადიციების პოპულარიზაცია, ქალაქში ჩამოსული სტუმრებისთვის ქართული სტუმართმოყვარეობის გაცნობა წარმოადგენდა. ტურისტებს საშუალება ჰქონდათ, ასევე, გაცნობოდნენ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ადგილების, ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების, ბუნებრივი ლანდშაფტებისა და მათთვის საინტერესო ტურისტული მარშრუტების შესახებ.

„მსოფლიო ტურიზმის დღე კარგი შესაძლებლობაა, სტუმრებს გავაცნოთ გორის მუნიციპალიტეტის ისტორიული, კულტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები. ტურიზმის მიმართულებით მუშაობას და მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პავლიაშვილმა.​

​ცნობისთვის, თარიღის 27 სექტემბერს აღნიშვნა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წესდების მიღებას უკავშირდება (1970 წლის 27 სექტემბერი). მსოფლიო ტურიზმის დღე კი პირველად 1980 წელს იზეიმეს.
კვირის ამბები