სექტემბერი მსოფლიოში საკვერცხის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედ არის მიჩნეული. მისი მთავარი მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და ქალების მოტივირება, რომ დროულად გაიკეთონ სკრინინგი, დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა და მხარდაჭერა გამოუცხადონ პაციენტებს.
საკვერცხის კიბოს ცნობიერების თვე პირველად 1990-იან წლებში, აშშ-ში, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინიციატივა დაწესდა. კამპანიის წამომწყები ქალთა ჯანმრთელობის ორგანიზაციები და პაციენტთა მხარდამჭერი ჯგუფები იყვნენ, რადგან:
საკვერცხის კიბოს სიმპტომები ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანია და ადრეულ ეტაპზე შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს;
ბევრი ქალი დიაგნოზს უკვე დაავადების გვიან სტადიაზე იგებს, როდესაც მკურნალობის შესაძლებლობები შეზღუდულია;
ინფორმაციის ნაკლებობა და თემის ტაბუდადებულობა ხელს უშლიდა დროულ დიაგნოსტიკასა და პრევენციას.
კამპანია მალე მსოფლიო მასშტაბის ინიციატივად იქცა და როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, დღეს უკვე ათასობით ქალს და ოჯახს სხვადასხვა ქვეყანაში სექტემბერი ახსენებს საკვერცხის კიბოს დროულად გამოვლენის და პრევენციის მნიშვნელობას.
რაც შეეხება საქართველოში აღნიშნული დაავადების კუთხით არსებულ სტატისტიკას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ 2023 წელს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში საკვერცხის კიბო მეოთხეა ქალებში სიმსივნური დაავადებების სიხშირით ძუძუს კიბოს, სწორი ნაწლავის და საშვილოსნოს ყელის კიბოს შემდეგ, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით, მესამე ადგილს იკავებს. მედიკამენტური მკურნალობისა და ქირურგიის მიღწევების მიუხედავად, საკვერცხის კარცინომა მაინც რჩება ყველაზე ლეტალურ გინეკოლოგიურ კიბოდ. 5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 46%-ია ყველა სტადიის კომბინირების შემთხვევაში.