კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 1-ელ ოქტომბერს დაიწყება და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. კანდიდატები კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდების - KET, PET, FCE და CAE - ჩაბარებას დეკემბრში შეძლებენ, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
როგორც ცენტრში აღნიშნავენ, 2026 წლის დეკემბრის საგამოცდო სესიაზე კანდიდატები რეგისტრაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ონლაინ გაივლიან და რეგისტრაციის გავლას აპლიკანტები 20 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ.
იმ კანდიდატებისთვის კი, რომლებიც რეგისტრაციას აღნიშნულ ვადაში ვერ გაივლიან, გვიანი რეგისტრაცია 21 ოქტომბერს დაიწყება და 23 ოქტომბრის 16:00 საათამდე გაგრძელდება. გვიანი რეგისტრაციის საფასური დამატებით 120 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება პროცედურებს, კემბრიჯის მენიუში განთავსებულ რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის ყველა სავალდებულო ველი და მიბმულ ფაილად ატვირთონ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი.
იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (აიდი ბარათი ან პასპორტი), მან უნდა ატვირთოს „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“. ფორმის ყველა ველი, კანდიდატის ნომრის გარდა, უნდა იყოს შევსებული. ფორმას თან უნდა ახლდეს 3X4 ზომის ერთი ფოტო, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს სკოლის ან მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებლის ან დირექტორის ხელმოწერით.
„რეგისტრაცია წარმატებით გავლილად ჩაითვლება, თუ აპლიკანტი რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან.
სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში აპლიკანტს რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება გამოცდის განრიგი“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში.
შეგახსენებთ, კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების სერტიფიკატი უვადოა და აღიარებულია მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტსა და ორგანიზაციაში. გამოცდას ყოველწლიურად, დაახლოებით, 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში.