პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე - ID ბარათზე დატანილი QR კოდის საშუალებით სტუდენტის აქტიური სტატუსის დადასტურებაა შესაძლებელი.
იუსტიციის სახლის ინფორმაციით, მომსახურების მიღება შესაძლებელია, საქართველოს მასშტაბით - იუსტიციის სახლის 127 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში, ასევე „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ტერიტორიულ სამსახურებში.
სერვისით სარგებლობისთვის კი განმცხადებელი უნდა იყოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ან შეწყვეტილი არ აქვს.
„სტუდენტის სტატუსის ID ბარათზე ასახვა შესაძლებელია როგორც პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის დროს, ისე უკვე გაცემულ დოკუმენტზე - საგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონულ რეესტრში სტუდენტად რეგისტრაციის შემდეგ.
ID ბარათის QR კოდზე ასახული სტუდენტის სტატუსი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ შესაბამისი შეღავათებითა და ფასდაკლებებით, მათ შორის, სატრანსპორტო კომპანიებისა და კულტურულ-გასართობი დაწესებულებების მომსახურების ან ბილეთების შეძენისას“, - ნათქვამია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.