საზოგადოება
24.09.2026 12:44
ჭადრაკის მასწავლებელთა ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჭადრაკის მასწავლებელთა ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.

აღნიშნული ღონისძიება საქართველოში პირველად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან თანამშრომლობით გაიმართება და ორგანიზატორების ინფორმაციით, ოლიმპიადაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, მისი მიზანი კი ჭადრაკის პოპულარიზაცია, ჭადრაკის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჭადრაკის სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხიანად წარმართვის მხარდაჭერაა.

„ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ყველა მოქმედ ჭადრაკის მასწავლებელს, რომელიც გამოხატავს მონაწილეობის სურვილს, მზაობას და შეავსებს საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ მიწოდებულ სარეგისტრაციო ფორმას.

განაცხადის შევსება სკოლებში 5 ოქტომბრის 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ჭადრაკის მასწავლებელთა ოლიმპიადა ორ ეტაპად - რეგიონული და ფინალური ტურნირების სახით ჩატარდება. რეგიონული ტურნირები მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში გაიმართება, სადაც რეგიონის ჩემპიონი ჭადრაკის მასწავლებელი გამოვლინდება. ფინალური ტურნირი კი თბილისში, ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. მასში მონაწილეობას რეგიონული ტურნირების 12 გამარჯვებული მასწავლებელი მიიღებს.

ოლიმპიადის ყველა მონაწილე მონაწილეობის დამადასტურებელ ელექტრონულ სიგელს მიიღებს, ხოლო გამარჯვებულები შესაბამისი დიპლომებით და მედლებით დაჯილდოვდებიან. საქართველოს ჭადრაკის მასწავლებელთა პირველი ოლიმპიადის გამარჯვებულ მასწავლებელს ოქროს მედალი და ნონა გაფრინდაშვილის თასი გადაეცემა“, - აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
კვირის ამბები