მითი თუ რეალობა - სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ცოფთან დაკავშირებულ მცდარ შეხედულებებზე ინფორმაციას უზიარებს
გადაამოწმე ინფორმაცია, მოუსმინე ვეტერინარს და ნუ დაიჯერებ მითებს - სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ცოფთან დაკავშირებულ მცდარ შეხედულებებზე ინფორმაციას უზიარებს და ამ კუთხით გავრცელებულ მითებს რეალურ არგუმენტებს უპირისპირებს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, ცოფი მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა. მისი პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ცხოველების დროული ვაქცინაციაა.
რაც შეეხება ამ კუთხით საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს, თითქოს: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ძაღლის ზრდას და განვითარებას აფერხებს, ან - ლეკვს ცოფის საწინააღმდეგო აცრა 6 თვემდე არ უნდა ჩაუტარდეს, ვეტერინარები გვარწმუნებენ:
ვაქცინაცია ძაღლის განვითარებას არ აფერხებს. პირიქით, ის ცოფისგან დაცვის მთავარი საშუალებაა;
მთელს მსოფლიოში, მათ შორის, ყველაზე ცნობილ ძაღლსაშენებში ლეკვი ცოფის საწინააღმდეგოდ 3 თვის ასაკიდან იცრება.
ვაქცინა უარყოფითად არ მოქმედებს ლეკვის ზრდა-განვითარებაზე ან მის ყნოსვაზე.
შეგახსენებთ, 28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის კვირეული დაიწყება და სურსათის ეროვნული საააგენტოს რეგიონულ ოფისებში ჩატარდება ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია.