საზოგადოება
24.09.2026 09:55
ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში, ქვეყნის მასშტაბით, 646 სამართალდარღვევა გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში, 646 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 546 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 54 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 24 შემთხვევაში მონადირეებმა ნადირობის წესები დაარღვიეს, 22 შემთხვევაში კი მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.

რაც შეეხება სტატისტიკას, ყველაზე მეტი - 196 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში. 119 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 93 - გურიაში, 69 - შიდა ქართლში, 49 - სამცხე-ჯავახეთში, 39 - აჭარაში, 34 - მცხეთა-მთიანეთში, 21 - ქვემო ქართლში, 18 კი - კახეთში.

სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. სეზონის გახსნიდან 1 თვეში, თბილისშინადირობის წესების დარღვევის 8 ფაქტია გამოვლენილი.

„ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 525 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.

22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის რაოდენობა 66 ერთეულს შეადგენს. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 63 მწყერი, ასევე თითო-თითო კაკაბი, ოფოფი და ხოხობი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რომ დროულად მოხდეს ბრაკონიერობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
კვირის ამბები