გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ორ ჯგუფზეა გათვლილი და, ამ ეტაპზე, 30-მდე აღსაზრდელს ემსახურება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. მოწესრიგდა ეზო, განთავსდა ატრაქციონები. გარდა ამისა ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვა და დამონტაჟდა გათბობის სისტემა.
„სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა. რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს აღსაზრდელებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და მათ საჭიროებებზე მორგებული სააღმზრდელო გარემოს შექმნას“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.