საზოგადოება
23.09.2026 14:51
მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა“ გამოცხადდა
კომუნიკაციების კომისია სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადას“ მესამედ აცხადებს.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ოლიმპიადაში სკოლის სახელით მონაწილეობა შეუძლიათ I-დან V და VI-დან XII კლასის მოსწავლეებისგან შემდგარ გუნდებს, რომელსაც ერთი მასწავლებელი უხელმძღვანელებს. გუნდებში მოსწავლეების რაოდენობა განსაზღვრული არ არის, თუმცა, სავალდებულოა, რომ ერთმა გუნდმა მხოლოდ ერთი ნამუშევარი წარადგინოს.

„გუნდებმა ვიდეოს, პრეზენტაციის, ციფრული პოსტერის ან კომიქსის სახით უნდა მოამზადონ ნაშრომი თემაზე - „მედიაწიგნიერება იწყება შენით - როგორ შევქმნათ სანდო და პასუხისმგებლიანი საინფორმაციო გარემო?“ და 21 ოქტომბრის ჩათვლით კომუნიკაციების კომისიაში გამოაგზავნონ. „მედიაწიგნიერების ოლიმპიადის“ ფარგლებში მიღებულ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და ორივე ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე ინფორმაციული და შემოქმედებითი ნაშრომის მქონე გამარჯვებულს გამოავლენს. კომუნიკაციების კომისია კი გამარჯვებული გუნდების სკოლებს თანამედროვე მედიალაბორატორიას მოუწყობს და ისეთ მაღალტექნოლოგიურ პრიზებს გადასცემს, როგორებიცაა ლეპტოპი, ინტერაქციული დაფა, მიკროფონი, განათება, შტატივი და მაგიდა.

გარდა ამისა, ათი საუკეთესო ნამუშევარი მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმაზე (mediatsigniereba.ge) განთავსდება, ხოლო ყველა მონაწილე გუნდს მონაწილეობის დამადასტურებელი ციფრული სერტიფიკატი გადაეცემა“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლია კომუნიკაციების კომისიის/მედიაწიგნიერების პლატფორმის ვებ-გვერდსა და ფეისბუქ გვერდზე.

ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების ოლიმპიადა პირველად ორი წლის წინ გამოაცხადა. გასულ წელს კონკურსზე წარდგენილი იყო 350-მდე ნაშრომი, რომელთა შექმნაშიც 2200-მდე მოსწავლე და 300-ზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა.
კვირის ამბები