უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტს საკუთარი შედეგის გაცნობა ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით შეუძლია.
რაც შეეხება ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგების სტატისტიკას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4010 აბიტურიენტს. დარეგისტრირდა 1 715. უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის 73%-ს შეადგენს.
„საბაკალავრო საფეხურზე 818 აბიტურიენტი ისწავლის. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 312 აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - 506 აბიტურიენტი.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 408 აბიტურიენტმა (244 - სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, 164 - კერძო პროფესიულ სასწავლებელში). ხოლო ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვა 16-მა გამოსაცდელმა. ყველა მათგანი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.