საზოგადოება
23.09.2026 11:17
გორში გურამ პაპუაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა
გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გურამ პაპუაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა.

ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, გურამ პაპუაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა ხელოვანის შემოქმედება და განვლილი გზა კიდევ ერთხელ გაიხსენეს. შესრულდა მუსიკალური ნომრებიც.

„გურამ პაპუაშვილის სახელი გორის კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება.

ის წლების განმავლობაში მღეროდა, ქმნიდა და საკუთარი შემოქმედებით მსმენელის სიყვარულს იმსახურებდა. ამასთან, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც თავისი პროფესიული საქმიანობით მუნიციპალიტეტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

საღამო მისი შემოქმედების გახსენებასთან ერთად, იმ ადამიანების შეხვედრაც იყო, ვისთანაც გურამ პაპუაშვილს მეგობრობა, თანამშრომლობა და ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები აკავშირებდა“, - აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გორელი გურამ პაპუაშვილი 2021 წელს, 37 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ხსოვნის საღამო გორის მუნიციპალიტეტის მერიის და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.
კვირის ამბები