საზოგადოება
22.09.2026 14:08
„რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის“ - პროექტის მონაწილეთა შესარჩევად, რეგისტრაცია დაიწყო
პროექტის - „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ მესამე ეტაპის მონაწილეთა შერჩევის მიზნით, რეგისტრაცია დაიწყო და 28 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სასწავლო ტური 2026 წლის 18 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში გაიმართება და მისი მიზანი საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში დასაქმებული სპეციალური მასწავლებლების ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობაა.

სასწავლო ტურში მონაწილეობის მიღება კი შეუძლია რეგიონის (გარდა თბილისისა და რუსთავისა) საჯარო სკოლის იმ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც სასწავლო ტურში მონაწილეობა არ მიუღია. კანდიდატების შერჩევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განაცხადების შეფასების საფუძველზე განხორციელდება.

„პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინკლუზიური განათლების ეფექტურ მოდელებს, გააანალიზონ პრაქტიკული მიდგომები და მიღებული გამოცდილება თავიანთ სამუშაო გარემოში დანერგონ.

რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: forms.cloud.microsoft/e/DY2YQJxCy3, ხოლო შერჩეული კანდიდატები, 2026 წლის 13 ოქტომბრამდე, მიიღებენ ინფორმაციას მითითებულ ელექტრონულ ფოსტასა და ტელეფონის ნომერზე.

ტურის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს: მონაწილეების სასტუმროში განთავსებას; სამჯერად კვებას; ტრანსპორტირებას სასტუმროდან სკოლებში და პირიქით. ცენტრი არ უზრუნველყოფს მონაწილეთა ტრანსპორტირებას თბილისამდე და უკან.

პროექტის დასრულების შემდეგ სპეციალურ მასწავლებლებს გადაეცემათ ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები“, - აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა მსურველს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: tpdc.ge/geo/news/1089 შეუძლია.
კვირის ამბები