პროგრამის - „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, პირველკლასელები, ყოველწლიურად, საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ და მის ზრდაზე სკოლის დასრულებამდე იზრუნებენ, - აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამა პირველკლასელებში ადრეული ასაკიდან გარემოზე ზრუნვისა და ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
პროექტი კი 22 ოქტომბერს, ხის დარგვის საერთაშორისო დღის ფარგლებში დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ღონისძიებები რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით განხორციელდება.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყველა პირველკლასელს შესაძლებლობას მისცემს, დარგოს საკუთარი პირველი ნერგი. წელს, ამ ინიციატივაში, რომელიც ბავშვებს ადრეული ასაკიდან გარემოზე ზრუნვას და ბუნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ასწავლის, 43 000 პირველკლასელი მიიღებს მონაწილეობას. პროექტის დაფინანსება გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღდგენისთვის განკუთვნილი რესურსებიდან განხორციელდება. შესაბამისად, ერთი მხრივ, შესაძლებელი იქნება გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღდგენა, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენს შვილებს ბავშვობიდანვე ვასწავლით გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბავშვების მიერ დარგული ნერგების შემდგომ მოვლას და მათზე დაკვირვებას. ამ მიზნით შეიქმნება ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც თითოეულ ბავშვს შესაძლებლობა ექნება, თვალყური ადევნოს საკუთარი ნერგის ზრდას და განვითარებას.
„ტერიტორიები და ნერგები რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით შეირჩევა. პროცესში ჩართულები იქნებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების და რეგიონული განვითარების სამინისტროები, მუნიციპალიტეტები, თბილისის მერია, სკოლები, მასწავლებლები, დირექტორები და მშობლები. შეიქმნება ელექტრონული პლატფორმა, რომელიც თითოეულ ბავშვს მისცემს შესაძლებლობას, დააკვირდეს მის მიერ დარგული ხის ზრდასა და განვითარებას. „ჩემი პირველი ნერგი“ ყოველწლიური პროგრამა იქნება და ყოველ წელს პირველკლასელებისთვის სკოლის დაწყება ამ მნიშვნელოვან ინიციატივას დაუკავშირდება. საბოლოოდ კი, როდესაც ისინი სკოლას დატოვებენ, გარემოს დაუტოვებენ ზრდასრულ ხეს, რომელიც ჩვენი გარემოს გაჯანსაღებას და გამწვანებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.