საზოგადოება
07.08.2026 12:54
მჯერა, თქვენი ცოდნითა და შესაძლებლობებით ასახელებთ სამშობლოს - გივი მიქანაძემ გორის უნივერსიტეტის კუსრდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა
მჯერა, თქვენი ცოდნითა და შესაძლებლობებით ასახელებთ სამშობლოს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ საქართველოს წინსვლასა და განვითარებაში, - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„უნივერსიტეტში გატარებული წლები, აკადემიური ცოდნის მიღებასთან ერთად, მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რომელიც თქვენს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით გამოიყენებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე, განაგრძობთ განვითარებას და ღირსეულად გაივლით თქვენს პროფესიულ გზას.

მჯერა, თქვენი ცოდნითა და შესაძლებლობებით ასახელებთ სამშობლოს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ საქართველოს წინსვლასა და განვითარებაში“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს გორის უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ მარლენ ნადირაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, მადლობის სიგელები გადაეცათ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ კალიგრაფიის გამოფენაში მონაწილე სტუდენტებს და მოსწავლეებს. ღონისძიების დასასრულს კი სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებულები.

შეხვედრას მუსიკალურად გორის უნივერსიტეტის ჯაზბენდი „კანუდოსი“, ჩელისტი დეა ხეოშვილი და სტუდენტები - ნატალი გრიგალაშვილი, ვლადიმერ თოთლაძე და მარიამ მაკრახიძე აფორმებდნენ.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს წელს 282 კურსდამთავრებული ჰყავს.
კვირის ამბები