შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები მოსწავლეები რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს დაესწრებიან
საქართველოს სპორტის სამინისტროს, რაგბის ფედერაციის მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული, სამშვიდობო, სპორტული და სამედიცინო პროექტების ორგანიზატორის გიორგი სამხარაძის ორგანიზებით, შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები მოსწავლეები რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს დაესწრებიან.
როგორც „გორის მაცნესთან“ გიორგი სამხარაძემ აღნიშნა, მასშტაბური სპორტული ღონისძიების პირველ - საქართველო-უელსის სარაგბო თამაშზე დასასწრებად რეგიონში მცხოვრები 500 ახალგაზრდა გაემგზავრება და ქართველ მორაგბეებს უგულშემატკივრებს.
„რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის (გორი, კასპი, ქარელი, ხაშური) შერჩეული სკოლების მოსწავლეები თბილისში უფასოდ გაემგზავრებიან. თამაში 27 ივნისს, 18:00 საათზე, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება და გულშემატკივრები, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებული სკოლების მოსწავლეები ბილეთებს, სუვენირებს და დროშებს საჩუქრად მიიღებენ.
დედაქალაქში გამგზავრებამდე, 13:00 საათზე, ბავშვების მონაწილეობით, გორში, მერვე საჯარო სკოლიდან საკათედრო ტაძრამდე სარაგბო-სპორტული მარში მოეწყობა“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა გიორგი სამხარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველო რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. შეხვედრები კი თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.
ჩემპიონატში 16 გუნდი იასპარეზებს. საქართველოს სამხრეთ აფრიკის, საფრანგეთის, ახალი ზელანდიის, ინგლისის, არგენტინის, ავსტრალიის, უელსის, იტალიის, ირლანდიის, შოტლანდიის, ესპანეთის, ფიჯის, აშშ-ს, იაპონიის და ურუგვაის გუნდები ეწვევიან.