აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურნირი გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა სამი მედლით დაასრულეს
აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურნირი - „ჰეიდარ ალიევის თასი“ გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა სამი საპრიზო ადგილით დაასრულეს.
სპორტსმენთა ანგარიშზე ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალია.
შეჯიბრის გამარჯვებულები ლიზა ლობჟანიძე (70 კგ.) და თემურ პავლიაშვილი (66 კგ.) გახდნენ. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ლობჟანიძემ აზერბაიჯანელი მოკრივე დაამარცხა, პავლიაშვილმა კი უზბეკ მოწინააღმდეგეს სძლია.
ორივე სპორტსმენი ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლაში ვარჯიშობს.
რაც შეეხება ვერცხლის მედალს, გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის სპორტსმენის ნიკოლოზ ხიზანიშვილის ანგარიშზეა. მოკრივემ ტრავმის გამო ფინალში ასპარეზობა ვერ შეძლო და მეორე ადგილს დაეუფლა.
ცნობისთვის, საქართველოს 17-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურნირი ცხრა მედლით და გუნდური ჩათვლაში მეორე ადგილით დაასრულა.