4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თარიღის აღნიშვნა დაავადების შესახებ, პროფილაქტიკური და პრევენციული ღონისძიებების საჭიროებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში კიბოს პრევენციის და მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო სერვისები სახელმწიფო პროგრამებით არის უზრუნველყოფილი. კერძოდ, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომია. ფინანსდება როგორც ონკო-ქირურგია, ისე ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიები.
„ჯანდაცვის სამინისტრო მაღალი ხარისხის, ინოვაციურ ონკოლოგიურ მედიკამენტებს უშუალოდ მწარმოებლისგან, სპეციალური ფასით და პირობებით, პირდაპირი გზით შეისყიდის. ამ გზით გაიზარდა თითოეული ბენეფიციარისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა.
ასევე, სახელმწიფო სრულად აფინანსებს ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოსა და სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგს, პროსტატის კიბოს ადრეულ გამოვლენას.
კიბოს სკრინინგის სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამა გთავაზობთ უფასო კვლევებს შემდეგი ტიპის კიბოს დასადგენად:
ძუძუს კიბო - მამოგრაფია 40-70 წლის ქალებისთვის;
საშვილოსნოს ყელის კიბო - PAP ტესტი 25-30 და აპვ დნმ-ის განსაზღვრის ტესტი 30-60 წლის ქალბატონებისთვის;
მსხვილი ნაწლავის კიბო - სკრინინგი 50-70 წლის ქალებისა და მამაკაცებისთვის.
კიბოს პრევენციისთვის, ქვეყანაში ხელმისაწვდომია ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც. უფასოდ აცრის ჩატარება შეუძლიათ გოგონებს და ქალებს 10-დან-45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებს და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით.
ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება როგორც საქართველოში, ისე თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში. დაფინანსება მოიცავს დიაგნოსტიკას და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას, ასევე, პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.
22 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეების სამედიცინო სერვისების დაფინანსებაში, ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სოლიდარობის ფონდს“, - აცხადებენ სამინისტროში.