საზოგადოება
04.02.2025 12:54
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგები ცნობილია

2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგები ცნობილია.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე online. naec. ge.

მონაწილემ შედეგების სანახავად სპეციალურ ველში უნდა შეიყვანოს პირადი, თერთმეტნიშნა ნომერი. ქულასთან ერთად, მას საკუთარი ნაშრომის ასლის ნახვაც შეუძლია, ხოლო სკოლის ადმინისტრაციას საკუთარი მოსწავლეების შედეგების ნახვა შეუძლია ცხრანიშნა და ოთხნიშნა კოდების გამოყენებით.

„ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-სა და მოხვდა შესაბამისი კლასის და საგნის რეიტინგული სიის პირველ 50 მონაწილეს შორის.

თუ ოლიმპიადის მონაწილე არ ეთანხმება შეფასებას, შეუძლია წარმოადგინოს საპრეტენზიო განაცხადი დღეს, 4 თებერვლის 09:00 საათიდან 5 თებერვლის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9) ან რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში მათ გადმოგზავნას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) გამოყენებით.

საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ან დარჩეს უცვლელი.

მომდევნო ტურში გადამსვლელი ქულები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით განისაზღვრება“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

შეგახსენებთ, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ცენტრალიზებულად შემდეგ საგნებში ტარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და მას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს სამ ტურად ატარებს.

კვირის ამბები