საზოგადოება
03.04.2024 11:53
საბავშვო წიგნის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გორში საყმაწვილო მწერალს თამარ გეგეშიძეს უმასპინძლეს

საბავშვო წიგნის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გორის საჯარო ბიბლიოთეკაში მწერალთან შეხვედრა გაიმართა.

თანამედროვე ავტორი, მწერალი თამარ გეგეშიძე პატარა მკითხველს საკუთარ შემოქმედებაზე ესაუბრა და კითხვებს უპასუხა.

რაც შეეხება მწერალს, დაიბადა 1986 წელს, ბათუმში. 2003 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე და 2010 წელს მიიღო მაგისტრის, ხოლო 2014 წელს - ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი.

წლების განმავლობაში მუშაობდა რედაქტორად, ამუშავებდა და ქმნიდა საავტორო საბავშვო ტექსტებს, საბოლოოდ კი საკუთარი თავი მასწავლებლის პროფესიაში იპოვა. სწორედ ეს პროფესია და ბავშვებთან ურთიერთობა იქცა მისთვის შთაგონების წყაროდ.

შეხვედრაზე მოზარდებმა მწერალთან ერთად ისაუბრეს წიგნებზე, რომელიც ავტორმა სხვადასხვა დროს გამოსცა, კერძოდ, სადებიუტო საყმაწვილო რომანზე - „სული-ჩიტი“, რომელიც მალევე ბესტსელერად იქცა. მეორე წიგნი - „საშლელები“ - „ინტელექტმა“ 2019 წლის ბოლოს გამოსცა და ორივე ნაშრომი თანამედროვე მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მათ ურთიერთობებსა და პრობლემებზე გვიყვება. „საშლელები“ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ 2020 წლის ეროვნულ ბესტსელერად გამოაცხადა.

მესამე წიგნი კი - „ჩუმად უნდა იჯდე“, მოგვითხრობს მოზარდებზე, მათ პრობლემებზე, შეხედულებებსა და უფროს თაობასთან ურთიერთობაზე, იმაზე, თუ რამდენად განსხვავებულად აღიქვამენ ერთსა და იმავე მოვლენას მოზარდები და ზრდასრულები და სად ეჯახება ერთმანეთს მათი ინტერესები.
კვირის ამბები