სპორტი
22.11.2019 20:12
„გორმა“ ბორჯომიდან მნიშვნელოვანი სამი ქულა წამოიღო
ეროვნული ლიგა 3-ის 35-ე ტურის შეხვედრაში გორის საფეხბურთო კლუბმა მასპინძლებს მნიშვნელოვანი ქულა აართვა. ბორჯომში, ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი სტუმართა სასარგებლოდ, 1:0 დასრულდა. გორელებმა შეხვედრა პირველივე წუთებიდან დიდი უპირატესობით დაიწყეს და ანგარიშიც მალევე, მეშვიდე წუთზე გახსნეს. გამარჯვების გოლი ილია მაჭარაშვილმა გაიტანა. ამის შემდეგ მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, ტაბლოზე ანგარიში აღარ შეცვლილა. დავით შუბითიძე, საფეხბურთო კლუბ „გორის“ მთავარი მწვრთნელი: „მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მსვლელობისას, უმეტეს შემთხვევაში, უპირატესობას ჩვენ ვფლობდით დაშევქმენით კიდეც არაერთი სახიფათო მომენტი, სამწუხაროდ რეალური შანსები ვერ გამოვიყენეთ. რაც შეეხება მეორე ტაიმს, მნიშვნელოვნია, რომ იმავე შემართებით გაგრძელდა თამაში, რამაც მოწინააღმდეგე გუნდის მოშლა გამოიწვია, სწორედ ამის ხარჯზე ავაწყეთ თამაში, თუმცა, ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოვახერხეთ. მინდა ყველას მივულოცო ეს გამარჯვება და მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს იმ თავდადებისა და ბრძოლისათვის, რომელმაც გამაჯვება მოგვაპოვებინა“. გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „გორის“ დირექტორი, გია ისიანი ამბობს, რომ დღევანდელ თამაშზე საფეხბურთო კლუბ „გორის“ ადმინისტრაციამ ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. „დღეს, ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე, ჩვენს ფეხბურთელებს, გულშემატკივართან ერთად, ჩვენი საფეხბურთო სკოლის მწვრთნელთა სრული შემადგენლობა დაესწრო. ეს არის ინიციატივა, რომელიც სამომავლოდ ტრადიციად გადაიქცევა. ჩვენი გუნდი ერთ-ერთი პირველია საქართველოში, სადაც სპორტსმენთა 70-80% ადგილობრივი ფეხბურთელია. ჩვენი ახალი ინიციატივა კი, ვფიქრობ, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას და ჩვენი აღსაზრდელებისთვის შესაბამისი პირობების შეთავაზებას“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას, გია ისიანმა. შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბი „გორი“ მომდევნო შეხვედრას შინ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე 29 ნოემბერს (14:00 საათზე) გამართავს და საფეხბურთო კლუბ „არაგვს“ (დუშეთი) დაუპირისპირდება.
კვირის ამბები