„სტარტაპ აკადემია“ - პრაქტიკულ საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) ახალ პრაქტიკულ საგანმანათლებლო პროგრამაში - „სტარტაპ აკადემია“, მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, „სტარტაპ აკადემია“ ქვეყნის მასშტაბით პირველად ჩატარდება, რომლის მიზანია, საქართველოს ყველა რეგიონის მონაწილეთა ჩართვა ადგილობრივ სტარტაპ ეკოსისტემაში, მათი სამეწარმეო და პრაქტიკული უნარების განვითარება, ასევე ინოვაციური იდეების განხორციელების ხელშეწყობა.
„პროგრამა აერთიანებს ონლაინ სწავლების მოქნილ ფორმატს და რეგიონებში გამართულ ფიზიკურ, გუნდურ სამუშაო შეხვედრებს, რაც მონაწილეებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების და რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.
სამი თვის განმავლობაში მონაწილეები სიღრმისეულად შეისწავლიან: პრობლემის იდენტიფიცირებასა და იდეის გენერირებას; გუნდის ფორმირებას; მომხმარებლის კვლევასა და იდეის ვალიდაციას; პირველი პროდუქტის შექმნას; ბიზნესმოდელსა და ბაზარზე შესვლის სტრატეგიას; AI ინსტრუმენტების გამოყენებას და საჯაროდ გამოსვლის და საკუთარი იდეების წარდგენის უნარებს“, - აცხადებენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში.
რაც შეეხება პროგრამაში მონაწილეობას, მსურველთა ასაკობრივი ზღვარია 16 წელი და ზემოთ. აპლიკანტმა კი განაცხადი უნდა შეავსოს ბმულზე: mygita.ge/zs/kKtqql
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 15 სექტემბერია. პროგრამის ხანგრძლივობა სამ თვეს (სექტემბერი - ნოემბერი) მოიცავს.