მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა.
ახალი წესი საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის პროცედურებს განსაზღვრავს.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, დადგენილება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისთვის შემუშავებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტია. ხოლო რეგულაციის მიზანია მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების მდგრადი მართვისთვის საჭირო მონაცემების სისტემატიზებული შეგროვება და შესაბამისი საინფორმაციო ბაზის შექმნა.
„ახალი წესის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით. მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს წყლის ობიექტების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების მონიტორინგს, არსებული მდგომარეობის შეფასებას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.
დადგენილების თანახმად, ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი განახორციელებს. აღრიცხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კი შეიქმნება ჰიდროგეოლოგიური მონაცემთა ბაზა, რომელიც პერიოდულად განახლდება“, - აცხადებენ სააგენტოში.
ცნობისთვის, მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების აღრიცხვის შესახებ ახალი რეგულაცია 1-ელი სექტემბრიდან შევიდა ძალაში.