ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში ცვლილებები ამოქმედდა - რას ემსახურება სიახლე
ეროვნული ბანკის მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში ცვლილებები ამოქმედდა.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილებები მომხმარებლის მაღალრისკიანი ტრანზაქციებისა და შესაძლო ფინანსური თაღლითობისგან დაცვას ისახავს მიზნად.
„დამატებითი დაცვის მექანიზმი შეეხება მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შემდეგ ოთხ გარემოებას ერთდროულად გამოავლენს:
გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობასთან;
გამოვლენილია მომხმარებლის ხარჯვის და ქცევის უჩვეულო თავისებურება;
გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს;
მომხმარებლის ასაკი აღემატება 60 წელს.
მოწყვლადი სეგმენტის მომხმარებლების დაცვა მხოლოდ მაღალრისკიანი ტრანზაქციებისგან ხდება და ის არ ეხება ჩვეულ გადახდასა თუ გადარიცხვებს“, - აღნიშნა ლაშა გზირიშვილმა.